Saturday, 23 July 2011

კათოლიკოს-პატრიარქ ნიკოლოზ IX სასახლე კოჯორში

კათოლიკოს-პატრიარქ ნიკოლოზ IX
სასახლე კოჯორში
   
      კოჯორი, როგორც თბილისის აგარანის ერთ-ერთი კურორტი და მეფის სადგომი წყაროებში XI საუკუნიდან გვხვდება. თვითონ ტოპონიმი ("კოჟორი"-კოჯორი) XIV საუკუნიდან იხსენიება. XI საუკუნეში აქ შენდება თბილისის აგარანის მთავარი ციხე-სიმაგრე, რომელსაც აგარათა ციხე ეწოდებოდა. საისტორიო წყაროების მიხედვით XI-XII საუკუნეებიდან მოყოლებული ზაფხულობით მეფე გამუდმებით იდგა კოჯრის სასახლეში. უამრავი ისტორიული ქარტეხილის გამო XV საუკუნეში დიდი ისტორიული წარსულის მქონე კოჯრის ციხე-დარბაზი ფაქტიურად დანგრეულია და განახლებას აღარ ექვემდებარება. ამიტომ XVII საუკუნეში როსტომ მეფემ ახალი სასახლე ააშენა. ვახუშტი ბატონიშვილი გვამცნობს: "არს ციხე აზეულასი და აწ კოჟრისა, თხემ სა ზედა კლდისასა. ამ ციხის სამხრეთით არს სასახლე მეფისა კოჟორი, აღაშენა პ’თ მეფემან როსტომ უმეტესა ჟ’ა მეფემან გიორგიმ და ჟ’დ მეფემან ვახტანგ. დგებოდნენ ზაფხულს მეფენი".
ამავე საუკუნეში, კოჯორში, კათალიკოზ ნიკოლოზ (IX)  ამილახორს აუშენებია კარის საყდარი და სასახლე, რომელიც დაუმშვენებია მარნებით. იგი 1687 წ. მცხეთის სიგელში წერს: "კოჟორზედ ერთი კარის საყდარი დავდგი და კაი საზაფხულო სასახლე ავაშენე; დარბაზს ერთი კაი საწნახელი ავაშენე თავის მორთულობითა". (ს. კაკაბაძე, ისტორიული საბუთები. თბ. 1913. გვ. 66).
      საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი ერმაკოვის ფოტოარქივში დაცულია ფოტოები (# 5629, 5630, 5631), რომლებზეც გამოსახულია საფლავის ქვები კოჯრის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიიდან ("Надгробныхъ памятник въ церкви Св. Георгия"). დ. ერმაკოვის ფოტოარქივს უამრავი სურათი აქვს შემონახული, რომელიც ასახავს კოჯორს და მის შემოგარენს, მაგრამ არც ერთ მათგანზე არ არის აღნიშნული გადაღების თარიღი. თუმცა დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს დ. ერმაკოვის კოჯორში მოგზაურობის სავარაუდო თარიღის განსაზღვრა. მას გადაღებული აქვს როგორც თვითონ კოჯრის ხედები, ასევე "ორმოცთა" ეკლესია და კაბენის მონასტერი. სავარაუდოდ, კოჯრის შემდეგ იგი მოინახულებდა "ორმოცთა" ეკლესიას, საიდანაც უკვე კაბენის მონასტრისაკენ გადაინაცვლებდა. მის მიერ გადაღებული კაბენის მთავარი ტაძრის კედლები ჯერ კიდევ საკმაო სიმაღლითაა შემორჩენილი. როგორც ცნობილია, 1903 წელს კაბენის მონასტერს რუსი ბერები დაეპატრონნენ და ახალი ეკლესიის ასაშენებლად ძველი ჯერ დაანგრიეს, შემდეგ კი საბოლოოდ ააფეთქეს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიმიტრი ერმაკოვს კოჯორში უმოგზაურია არაუგვიანეს 1902 წლისა... რაც შეეხება საფლავის ქვებს, აშკარაა, რომ ისინი მოშორებულია ძველ ადგილსამყოფელს, არც ერთი მათგანი არ არის დადებული საფლავზე, არამედ უბრალოდ ხეებზეა მიყუდებული, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ საფლავები საკმაო ხნის დაკარგულია. ქვებს თარიღი არ უზით ორ მათგანზე ვკითხულობთ: "ქ. ესე ს(ა)ფ-|ლავი სულ|ხანას ქალი(ს) ქე|თევანასია. ვინ|ც წაიკით(ხოს) შ|ენდობ(ა) ბ(რ)ძანეთ". და მეორეზე: "ქ. ესე ს(ა)ფ|ლავი გ|ულუა(ა)|ნთ ივანეს| ქალი(ს) ანასია. ვინ|ც წაიკითხ(ო)ს შ|(ე)ნდობა ბ(რ)ძ(ა)ნეთ". ხოლო დანარჩენი სამის წაკითხვა ვერ მოხერხდა. საინტერესოა, თუ წმ. გიორგის სახელობის რომელი ეკლესიიდანაა აღნიშნული საფლავის ქვები, დღეს მათი მიგნება ნაკლებ სავარაუდოა. დ. ერმაკოვის ფოტოალბომში შემონახულია კოჯრის უძოს ეკლესია, რომელიც წმ. გიორგის სახელობისა გახლავთ, მაგრამ ფოტოგრაფი მას იხსენიებს მხოლოდ სახელით "უძო" ("Коджоры (окрестности) церковь Удзо"). იმ პერიოდის კოჯორში სხვა რომელიმე ეკლესია წმ. გიორგის სახელობისა, გარდა უძოსი, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, არ არსებობდა. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, საფლავის ქვები, რომლებიც ფოტოებზეა გამოსახული, იმ პერიოდისათვის, საკმაო ხნის "დაკარგულია", გარდა ამისა, მას არ აქვს გადაღებული ეკლესია, რომელთანაც უნდა ყოფილიყო აღნიშნული ქვები, ეს ჩვენი აზრით, მიანიშნებს იმაზე, რომ ამ პერიოდისათვის (დაახლ. XIX საუკუნის 90-იანი წლები) ეკლესია აღარ არსებობს და მხოლოდ მისი სახელი და საფლავის ქვებიღაა შემორჩენილი. ეს, ალბათ, უნდა იყოს ზემოთ დასახელებული კათალიკოს ნიკოლოზ ამილახორის მიერ აგებული ეკლესია.
2009 წელს კოჯორში ჩატარდა არქეოლოგიური სამუშაოები (კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 29.06.09 წ. # 171 ნებართვის საფუძველზე. ხელმძღვანელი - გიორგი გვინჩიძე, უფროსი - გურამ ყიფიანი). სამუშაოების შედეგად გამოვლინდა ნაგებობა ზომებით: 6,25 X 4,74 მ. იგი ყველა ნიშნის მიხედვით გვიანშუასაუკუნეების ნაგებობათა რიცხვს განეკუთვნება. ნაგებობის ფუნქცია საბოლოოდ გარკვეული არ არის, თუმცა მასში მიკვლეული ბაზალტის ლორფინის ფრაგმენტი და კეხის კრამიტი, რომელნიც მონუმენტური საკულტო ნაგებობისთვის მზადდებოდა, აშკარად მიანიშნებს ნაგებობის რელიგიურ დანიშნულებაზე. სწორედ ეს ქვის (ბაზალტის) კონსტრუქციული დეტალები არის ამ ტერიტორიაზე მონუმენტური საკულტო ნაგებობის არსებობის უტყუარი ნიშანი. გარდა ამისა, ნაგებობის კართან გამოვლენილ იქნა საფლავის ქვა, რომლის წაკითხვის შედეგადაც დადგინდა, რომ მასში დაკრძალული პიროვნება 1849 წლის 21 ნოემბერსაა გარდაცვლილი. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ამ დროისათვის ნაგებობა უკვე განადგურებულია, სხვა შემთხვევაში კარის წინ საფლავი არ გაიმართებოდა (ქ. თბილისში, დაბა კოჯორში მოქ. გიორგი გოცირიძის მიწის ნაკვეთზე არქეოლოგიური სამუშაოების ანგარიში. ხელმძღვანელი პროფ. გ. გვინჩიძე. 2009 წ. ხელნაწერი). არქეოლოგები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ გამოვლენილი ნაგებობის ირგვლივ კიდევ უნდა არსებობდეს რამდენიმე შენობა (ანუ აქ ერთიანი სასულიერო კომპლექსი არსებობდა). ეს იმითაც დასტურდება, რომ რამდენიმე წლის წინ ამ ნაგებობიდან დაახლ. 70 მ.-ის დაშორებით ნოე აფხაზავას მიერ აღმოჩენილ იქნა იგივე პერიოდის (გვიანშუასაუკუნეების) მცირე საყდარი, რომლის ფუძეზეც ახლა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მცირე დარბაზული ეკლესიაა აგებული. ეს კომპლექსი სავარაუდოდ, აღა მაჰმადხანის შემოსევის შედეგად განადგურდებოდა, კოჯრის მიდამოებს ქართლ-იმერეთის ერთ-ერთი სამხედრო შენაერთი იცავდა და მან ბრძოლებით დაიხია უკან. ჩვენი აზრით, სწორედ ეს გამოვლენილი ნაგებობები უნდა ყოფილიყო, XVII საუკუნეში, კათალიკოს ნიკოლოზ ამილახორის მიერ აგებული სასახლე და კარის საყდარი... 
      იქიდან გამომდინარე, რომ XIX საუკუნის II ნახევარში კოჯორში სხვა განადგურებული ეკლესია, გარდა აღნიშნული კომპლექსისა არ არსებობდა, ამდენად, სავარაუდოა, რომ დ. ერმაკოვმა ფოტოები სწორედ ნიკოლოზ ამილახორის სასახლისა და ეკლესიის ადგილზე გადაიღო.

No comments:

Post a Comment